მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში 09:00 საათიდან მირონის ხარშვა დაიწყო, ხუთშაბათს კი მისი კურთხევა მოხდება. წმინდა მირონი სამ დიდ ქვაბში იხარშება, ზეითუნის ზეთში სპეციალური სანელებლები შეაზავეს. წმინდა მირონის ხარშვა სამი დღე და ღამე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ტაძრის კარი მლოცველებისთვის ღია იქნება.
წმინდა მირონის ხარშვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სასულიერო პირებთან ერთად, სპეციალური ლოცვები წაიკითხა. "ფსალმუნში წერია, ნუ შეეხებით ცხებულს ჩემსას. ასე რომ, ეს არის უდიდესი სიწმინდე და ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის კურთხევას", _ აღნიშნა პატრიარქმა. 
16 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ განაცხადა, რომ მირონის ხარშვის დროს სვეტიცხოვლის კარი მთელი დღე-ღამის განმავლობაში ღია იქნება.
"დღე და ღამე იქნება მირონის ხარშვა სპეციალური წესით და ხუთშაბათს მოხდება წმინდა მირონის კურთხევა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, დღე და ღამე სვეტიცხოვლის ტაძარი ღია იქნება. ეს არის წმინდა მირონი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნათლობის დროს და რომელსაც იყენებდნენ მეფეების კურთხევის დროს", - ბრძანა ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მირონი 20-30 წელიწადში ერთხელ იხარშება. მირონის ხარშვის უფლება მხოლოდ ავტოკეფალიის მქონე ეკლესიებს აქვთ.